• georgian flag
  • english flag

უპოვარის ქურდობა ქურდობა არ არის

author
ნათია ფულარიანი
A A       605

post photoიტალიის უზენაესმა სასამართლომ უკრაინელი უსახლკარო რომან ოსტრიაკოვი, რომელმაც სუპერმარკეტიდან 4.07ევროს ღირებულების ყველი და ძეხვი მოიპარა, გაამართლა. მესამე ინსტანციის სასამართლომ თავის გადაწყვეტილება კი იმით დაასაბუთა, რომ მცირე მნიშვნელობის საკვების მოპარვა, რაც ადამიანს სასიცოცხლოდ ესაჭიროება დანაშაული არ არის.

საინტერესოა, ჩვენი ქვეყნის სოციალური მდგომარეობის და კანონმდებლობის გათვალისწინებით მსგავსი ფაქტობრივი გარემოებების მქონე საქმეზე რა გადაწყვეტილება იქნებოდა მიღებული. ამგვარ კაზუსზე მსჯელობა შესაძლებელია წავიდეს ორი მიმართულებით მართლწინააღმდეგობის გამომრიცხველი გარემოების - უკიდურესი აუცილებლობისკენ ან ქმედების შემადგენლობს გამომრიცხავი - ქმედების მცირე მნიშვნელობისკენ.

უკიდურესი აუცილებლობისას, მართალია, ხდება ორი სამართლებრივი სიკეთის ურთიერთშეჯერება, სადაც ნაკლებმნიშვნელობის მქონე სამართლებრივი სიკეთის კერძო საკუთრების ხელყოფის ხარჯზე ხდება უფრო ღირებული სიკეთის სიცოხლის გადარჩენა, მაგრამ ასეთ შემთხვევაში საფრთხის თავიდან აცილება სხვა საშუალებით შეუძლებელი უნდა იყოს. უსახლკაროს საქმეში კი ეს უკანასკნელი არ იკვეთება. მეტიც, სანამ მართლწინააღმდეგობის გამორიცხვამდე მივალთ, აუცილებელია ქმედების შემადგენლობის არსებობა დადგინდეს.

რაც შეეხება ქმედების მცირე მნიშვნელობას, საქართელოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-7 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად დანაშაულს არ წარმოადგენს ისეთი ქმედება, რომელიც, თუმცა ფორმალურად შეიცავს ამ კოდექსით გათვალისწინებული რომელიმე ქმედების ნიშნებს, მაგრამ მცირე მნიშვნელობის გამო არ გამოუწვევია ისეთი ზიანი, რომელიც აუცილებელს გახდიდა მისი ჩამდენის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, ან არ შეუქმნია ასეთი ზიანის საფრთხე. პრაქტიკაში ქმედების მცირე მნიშვნელობის გამო საქმეები სასამართლომდე იშვიათად მიდის. ქართულ სისხლის სამართალში ქმედების მცირე მნიშვნელობა პროცესუალურ-სამართლებრივი პრობლებას კი არ წარმოადგენს, არამედ მატერიალურ-სამართლებრივს. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი არ ითვალისწინებს ქმედების მცირე მნიშვნელობის გამო სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებაზე უარს თქმის ან შეწყვეტის შესაძლებლობას, თუმცა 105-ე მუხლის 1-ლი ნაწილის "ა" ქვეპუნქტის საფუძველზე პრაქტიკაში ეს ხშირად ხდება.

საქართელოს უზენაესმა სასამართლომ 2017 წლის 3 მარტის 2კ-556აპ საქმის გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ ამ ნორმით გათვალისწინებული ზიანის ცნებაში არ იგულისხმება მხოლოდ მატერიალური ზიანი და იგი შეიძლება გამოიხატოს როგორც მატერიალური, ისე არამატერიალური სახით, ხოლო იმისათვის, რომ დადგინდეს ქმედების მცირე მნიშვნელობა, საკმარისი არ არის აპელირება მარტოოდენ მატერიალური ზიანის ოდენობაზე. მითითებულის დასადგენად აუცილებელია საქმის ფაქტობრივი გარემოებების შეფასება ერთობლივად - ჩადენილი ქმედების ხასიათისა და სიმძიმის, საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხის, დამნაშავის პიროვნებისა და მისი წარსული ცხოვრების გათვალისწინებით.
ხოლო თბილისის სისხლის სამართლის სააპელაციო პალატის 2016 წლის 23 მარტის, №1/ბ-165-16 გადაწყვეტილების მიხედვით ქმედების კრიმინალიზება მიბმულია ქმედების ხასიათზე, და სწორედ აქედან გამომდინარე ზიანის ოდენობით მისი კრიმინალიზაციის ლიმიტირებაზე, ზოგადად კი დევიაციური ქმედების საშიშროების ხარისხზე, რისი უგულებელყოფაც საკითხის ზედაპირულ შეფასებამდე მიგვიყვანდა და კანონმდებლის ნამდვილ ნებას დათრგუნავდა არაპროპორციული მიდგომის დანერგვით. ბუნებრივია, შესაძლებელია, უშუალოდ დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანი 1 თეთრს არ აჭარბებდეს, თუმცა იგი მაინც არ ჩაითვალოს მცირე მნიშვნელობის ზიანად. ამ თვალსაზრისით ყურადღება სწორედ ქმედების ხასიათსა და მასში გამოხატულ მართლსაწინააღმდეგო ნებას უნდა მიექცეს და არა მხოლოდ ზიანის მათემატიკურ გამოსახულებას.
ზემოთ მოყვანილი ამ ორი გადაწყვეტილების შესწავლისას ნათლად ჩანს, რომ თითქოსდა ერთი შეხედვით მარტივი ქმედების შემადგენლობის გამომრიცხავი საქმე რაოდენ რთული მსჯელობის საგანი შეიძლება გახდეს.