• georgian flag
  • english flag

სასამართლოში მოგება ზოგჯერ სულაც არ ნიშნავს მოგებას

author
თამარ ჭალიძე
A A       589

post photoსასამართლოში მხარეთა შორის დავის რეალური მიზეზი ხშირ შემთხვევაში უბრალოდ ერთმანეთის მიმართ გულისწყრომა და წყენაა. ადამიანები არცთუ იშვიათად სასამართლო პროცედურებს „შურისძიებისთვის“ იყენებენ. თუ მხარეთა შორის სასამართლოში მორიგება ვერ შედგა, მოგებული მხარეც კი არ არის საბოლოოდ მოგებული, რადგან რეალურად მას შესაძლოა მეორე მხარისაგან მხოლოდ გულწრფელი ბოდიშის მოხდა და პატიების თხოვნა ჭირდებოდა. ასეთ დროს, მის სასარგებლოდ გამოტანილი გადაწყვეტილებაც კი არ არის დიდი შვება.

ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია ყველა ადამიანი და განსაკუთრებით ადვოკატები, რომლებსაც დავასთან აქვთ შეხება, აცნობიერებდნენ მხარეთა რეალურ/დაფარულ ინტერესებს და შესაბამის რჩევებს აძლევდნენ მათ. ზოგჯერ მხარეს უბრალოდ მეორე მხარისთვის ბოდიშის მოხდა უნდა ვურჩიოთ. თუმცა, ამ დროს სხვადასხვა ფაქტორებიც უნდა გავითვალისწინოთ.

ბოდიში რამდენიმე აუცილებელი კომპონენტის ერთობლიობაა, ანუ მას გააჩნია შემადგენლობა. თუ რომელიმე კომპონენტი სახეზე არ იქნება, არც სრულყოფილი ბოდიში გვექნება. „დაზარალებული მხარე, (პირობითად „მსხვერპლი“) ასეთ ბოდიშს არაეფექტურ ბოდიშად ჩათვლის, არ მიიღებს და ცხადია, ის ვინც ბოდიშს იხდის და ზარალი გამოიწვია, (პირობითად „აგრესორი“) მიზანს ვერ მიაღწევს.

„აგრესორმა“ ბოდიში შეიძლება მოქმედებითაც გამოხატოს, ან დუმილით. მაგრამ ერთი პროცენტი ეჭვიც არ უნდა დარჩეს „მსხვერპლს“, რომ ეს გულწრფელი ბოდიშია, ამიტომ სიტყვიერი ახსნა მაინც შეიძლება საჭირო იყოს.

ბოდიშის კომპონენტებია:
1) დანაშაულის აღიარება ან ზარალის აღიარება - შინაგანად და გარეგნულად გამოხატული ფორმით. აგრესორი შინაგანად უნდა აცნობიერებდეს, რომ ჩაიდინა დანაშაული ან/და დადგა ზიანი და ამას გარეგნულადაც გამოხატავდეს, აღიარებდეს. („მე დამნაშავე ვარ“, „ვაღიარებ, რომ ეს შედეგი ჩემმა მოქმედებამ გამოიწვია“...)
2) განმარტება - აღიარებას აგრესორმა განმარტებაც უნდა მოაყოლოს - რა იდგა მისი ქმედების უკან, მიზეზი მისი საქციელის. რამ განაპირობა და რამ გამოიწვია მისი საქციელი. რა ობიექტური თუ სუბიექტური რეალობა იყო მიზეზი.
3) აგრესორის შეხედულება თავის ქცევაზე - აგრესორმა მსხვერპლს უნდა აუხსნას, თუ როგორ აფასებს ის საკუთარ მოქმედებას, თვლის თუ არა, რომ ეს იყო არასწორი, დანაშაული, შეცდომა ...
4) აგრესორი გამოთქვამს წუხილს - „ვწუხვარ“ და „განვიცდი“, აგრესორმა უნდა გამოხატოს საკუთარი წუხილის განცდა.
5) რესტიტუცია - აგრესორმა მსხვერპლს უნდა შესთავაზოს რესტიტუცია. არასწორმა შეთავაზებამ შეიძლება მთელი ბოდიში გააფუჭოს. „რა შემიძლია გავაკეთო შენთვის?“

შეიძლება განვასხვავოთ ბოდიშის რამდენიმე სახეობა:
• საჯარო და პირადი (კერძო) - აგრესორმა მსხვერპლს შეიძლება ბოდიში საჯაროდ ან პირადად მოუხადოს. ხშირად, მსხვერპლი საჯარო ბოდიშის მოხდას ითხოვს. მაგალითად, პიროვნებაზე შეურაცხმყოფელი ცნობების გავრცელებისას, მსხვერპლი, როგორც წესი, საჯაროდ მობოდიშებას ითხოვს, რათა რეპუტაცია აღიდგინოს.
• შინაგანი (გულწრფელი) და გარეგანი ზემოქმედების - აგრესორი ბოდიშის მოხდის გადაწყვეტილებამდე შეიძლება შინაგანმა ხმამ ან გარეგანმა ზეწოლამ მიიყვანოს. პირველ შემთხვევაში, სახეზეა გულწრფელი ბოდიში, როდესაც აგრესორს შინაგანად აწუხებს რაღაც და ბოდიშის მოხდით ცდილობს შეიმსუბუქოს მდგომარეობა. გარეგანი ზემოქმედებისას აგრესორი შესაძლოა სულაც არ წუხდეს და არ ნანობდეს თავის საქციელზე და არც ბოდიშის მოხდის შინაგანი მოთხოვნილება ჰქონდეს, მაგრამ მასზე ზეწოლას ახორციელებდნენ მაგალითად ახლობლები, მშობლები.
• სტრატეგიული - შეიძლება ასეთ, ბოდიშს ფორმალურიც ვუწოდოთ, აქ იგულისხმება, რომ აგრესორს აქვს, რაღაც კონკრეტული მიზანი, რის გამოც ის იხდის ბოდიშს. მაგალითად, საქმიანი ურთიერთობის გაგრძელება სურს პარტნიორთან და იძულებულია მასთან შერიგება მოახერხოს, რისთვისაც იყენებს ბოდიშს.
• დროული და დაგვიანებული ბოდიში - დროის ფაქტორი ძალიან მნიშვნელოვანია ბოდიშის მოხდის დროს. რაც არ უნდა გულწრფელი იყოს ბოდიში ნაადრევმა ბოდიშმა შეიძლება უფრო გაამძაფროს ურთიერთობა, ანუ საჭიროა მსხვერპლს გარკვეული დრო მისცე, რათა ბოდიშმა მისი კიდევ უფრო გაღიზიანება არ გამოიწვიოს, მაგრამ ასევე დაგვიანებული ბოდიშიც შეიძლება არაეფექტური იყოს. ამიტომ საჭიროა აგრესორმა ოქროს შუალედი მონახოს.