• georgian flag
  • english flag

მოსამართლე დამოუკიდებელი კი არ უნდა იყოს, არამედ ასეთიც უნდა ჩანდეს

author
ნათია ფულარიანი
A A       415

post photoობიექტურობას არ იქნება მოკლებული თუ ვიტყვით, რომ მოსამართლეობა ყველაზე საპასუხისმგებლო პროფესიაა და ამ პასუხისმგებლობის სათანადოდ გაცნობიერება დემოკრატიული საზოგადოების განვითარების, კანონის უზენაესობის საწინდარია. სწორედ აქედან გამომდინარეა, რომ მოსამართლეობის კანდიდატებს მაღალ ეთიკურ სტანდარტს უწესებენ. მოსამართლეს საქმიანობის განხორციელება მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში უხდება, რომელიც, ხშირ შემთხვევაში, შეიძლება არც თუ ისე დახვეწილი იყოს. მოსამართლე, როგორც პიროვნება, მოქალაქე, შებოჭილია თავის ყოველდღიურ საქმიანობაში და პირად ცხოვრებაში. ის მუდმივად უნდა ზრუნავდეს, რომ არ შეილახოს მისი ავტორიტეტი, რეპუტაცია და ამით არ დაიკარგოს მართლმსაჯულების მიმართ ნდობა. ნდობის გარეშე კი მართლმსაჯულების სრულყოფილად განხორციელება წარმოუდგენელია. მოსამართლეთა ზნეობისა და პატიოსნების მაღალი სტანდარტები აღიარებულია არა მარტო ყველა ტრადიციულ სამართლებრივ სისტემაში, არამედ ყველა ძირითად რელიგიაშიც.

მაგალითად, ჩინურ სამართალში, ჯერ კიდევ ძვ.წ. დაახლოებით 312 წელს ცნობილი ჩინელი ბერი და მოსამართლე სიუნ ციუ წერს :

„მიუკერძოებლობა – აი, რით უნდა ვიხელმძღვანელოთ წინადადებათა შეფასებისას, სამართლიანობა, აი, რით უნდა გავზომოთ ისინი. სადაც კანონი არსებობს, შეასრულე ის, სადაც არა – იმოქმედე, როგორც პრეცედენტი ან ანალოგია გკარნახობს – აი ასე უნდა მოისმინო შეგონებები. ნუ აჰყვები მიკერძოებას ან ნათესაობას, ეს ყველაზე უარესია, რაც შეიძლება გააკეთო. შეიძლება კარგი კანონები გქონდეს, მაგრამ სახელმწიფოში უწესრიგობა სუფევდეს.”

ისლამური სამართალის მიხედვით მოსამართლის პატიოსნება უმნიშვნელოვანესია:

„მოსამართლე პირდაპირი და პატიოსანი უნდა იყოს, არ იყოს მიდრეკილი ცოდვის, გარყვნილებისა და აღვირახსნილობისაკენ, არ წავიდეს საეჭვო საქმეებზე, დაიცვას სოციალური ნორმები და კარგი, სწორი ქცევის მაგალითს იძლეოდეს, როგორც თეოლოგიის, ისე საერო საქმეებში”.

მოსამართლეთა დამოუკიდებლობისა და ამ პროფესიის წარმომადგენელთა მიმართ საზოგადოებრივი ნდობის ამაღლების საკითხი ჯერ კიდევ ბევრ ქვეყანაშია პრობლემური. სწორედ ამ პრობლემის გადასაჭრელად 2000 წლიდან დაიწყო მუშაობა „მოსამართლეთა ქცევის ბანგალორის პრინციპეზე“ და განისაზღვრა ექვსი ძირითადი ღირებულება, რომლებითაც უნდა იხელმძღვანელონ სასამართლო ორგანოებმა, ესენია:

1. დამოუკიდებლობა;
2. ობიექტურობა და მიუკერძოებლობა;
3. პატიოსნება;
4. ეთიკური ნორმების დაცვა;
5. თანასწორობა;
6. კომპეტენტურობა და გულმოდგინება.

საქართველოს სისხლისა და სამოქალაქო სამართლის საპროცესო კანონმდებლობით აცილების საფუძველია ისეთი გარემოების არსებობა, რომელიც საეჭვოს ხდის მოსამართლის ობიექტურობასა და მიუკერძოებლობას. ერთ-ერთ საქმეში მოსამართლემ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 59-ე 1-ლი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ გარემოებად მიუთითა ის, რომ ბრალდებული უკანონოდ მიჩნევდა პირველი წარდგენის სხდომაზე ამ მოსამართლის მიერ მისთვის პატიმრობის შეფარდებას, იმ საფუძვლით, რომ მოსამართლე არ იყო საქმის განხილვისას ობიექტური და მიუკერძოებელი, რადგან მისი შვილები მუშაობდნენ ძალოვან უწყებაში და მან ეს გადაწყვეტილება ამ გარემოების არსებობის გამო მიიღო.

მსგავს შემთხვევებში მოსამართლე შეიძლება დარწმუნებული იყოს, რომ ასეთი გარემოებები მის ობიექტურობაზე გავლენას ვერ მოახდენს, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ის ვალდებულია იზრუნოს საზოგადოების ნდობის შენარჩუნებაზე ამგვარი შუამდგომლობები კმაყოფილდება .



წყარო:
< „მოსამართლეთა ქცევის ბანგალორის პრინციპები“ და მისი კომენტარები
< კომენტარები საქართველოს სამოსამართლო ეთიკის კოდექსზე
< საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის კომენტარი 2015