• georgian flag
  • english flag

ამოსაცნობად წარდგენა (განმარტებითი ლექსიკონი)

A A       283

წარმოადგენს → საგამოძიებო მოქმედების ერთ-ერთ სახეს, რომელიც ტარდება პირის, საგნის ან გვამის ამოსაცნობად ამომცნობის თანხმობით. ამოსაცნობად წარდგენამდე ამომცნობი უნდა გამოიკითხოს ამოსაცნობი ობიექტის ინდივიდუალური და გვარეობითი ნიშან-თვისებების თაობაზე და იმ გარემოების შესახებ, რომელშიც მას შეხება ჰქონდა ამოსაცნობ ობიექტთან. ამოცნობისას ამომცნობმა უნდა განმარტოს, რა ნიშან-თვისებებით ამოიცნო ამოსაცნობი ობიექტი. ამომცნობს ამოსაცნობი წარედგინება იმავე სქესის არანაკლებ 2 ისეთ პირთან ერთად, რომლებიც ერთმანეთისაგან და ამოსაცნობისაგან მკვეთრად არ განსხვავდებიან გარეგნობითა და ტანსაცმლით. ამომცნობს ამოსაცნობი ობიექტი წარედგინება არანაკლებ 2 სხვა ერთგვაროვან საგანთან ერთად. გვამის, მისი ნაწილის, აგრეთვე ისეთი ობიექტის ამოცნობისას, რომლის ანალოგის შერჩევაც შეუძლებელია, ამოცნობა ტარდება მხოლოდ ერთი ამოსაცნობი ობიექტის მიხედვით. ამომცნობს სთავაზობენ, მიუთითოს ობიექტი, რომლის ამოცნობაც შეუძლია და განმარტოს, რა ნიშან-თვისებებით ამოიცნო იგი. ამოცნობა არ ტარდება, ხოლო ჩატარებული ამოცნობა დაუშვებელი მტკიცებულებაა, თუ ამომცნობი მიუთითებს ისეთ ნიშან-თვისებებზე, რომლებიც საკმარისი არ არის ამოსაცნობი ობიექტის იდენტიფიკაციისათვის, ან თუ ამომცნობს მიანიშნეს ამოსაცნობ ობიექტზე (სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლი).