• georgian flag
  • english flag

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო (განმარტებითი ლექსიკონი)

A A       275

საერთაშორისო სასამართლო, რომელიც დაფუძნებულია → ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის ფარგლებში (კონვენციის მე-19-51 მუხლები). ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მდებარეობს სტრასბურგში (საფრანგეთი). სასამართლოს მოსამართლეთა რაოდენობა კონვენციის ხელშემკვრელ სახელმწიფოთა რაოდენობის ტოლია და დღეისათვის წარმოადგენს 47-ს. მოსამართლეებს, თითოეული სახელმწიფოს მიერ წარმოდგენილი სამი კანდიდატიდან, ექვსწლიანი ვადით ირჩევს → ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა. მიუხედავად იმისა, რომ მოსამართლეთა კანდიდატურები სახელმწიფოების მიერ არის წარმოდგენილი, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეები არ წარმოადგენენ სახელმწიფოებს და სარგებლობენ სრული დამოუკიდებლობით. სასამართლოს იურისდიქცია ვრცელდება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის სავარაუდო დარღვევათა განხილვაზე. იგი უფლებამოსილია განიხილოს ორი სახის განაცხადი: ინდივიდუალური განაცხადი, რომლის შეტანა შეუძლია ნებისმიერ ფიზიკურ პირს, პირთა ჯგუფს, ან არასამთავრობო ორგანიზაციას და სახელმწიფოს მიერ შეტანილი განაცხადი. განაცხადის შეტანა შესაძლებელია მხოლოდ სახელმწიფოს/სახელმწიფოების წინააღმდეგ, რომლებიც ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მხარეები არიან. სასამართლო არსებითად განსახილველად იღებს მხოლოდ იმ განაცხადებს, რომლებიც აკმაყოფილებს კონვენციით დადგენილ მოთხოვნებს. კერძოდ, სასამართლოსადმი საჩივრით მიმართვა მხოლოდ შიდასამართლებრივი დაცვის საშუალებების ამოწურვის შემდეგ არის შესაძლებელი; განმცხადებლის საჩივრები უნდა შეეხებოდეს კონვენციით უზრუნველყოფილი ერთი ან მეტი უფლების დარღვევას; განაცხადის შეტანა უნდა მოხდეს ექვსი თვის განმავლობაში სახელმწიფოს მართლმსაჯულების სისტემის ფარგლებში საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანის თარიღიდან; განმცხადებელი პირადად და უშუალოდ უნდა იყოს დაზარალებული კონვენციის დარღვევის შედეგად; განაცხადი არ უნდა იყოს ანონიმური; განაცხადი არ უნდა იყოს უკვე განხილული ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ ან სხვა შესაბამისი საერთაშორისო სტრუქტურის მიერ და ასევე არ უნდა იყოს სახეზე განაცხადის შეტანის უფლების ბოროტად გამოყენება. განაცხადის მისაღებობის საკითხს წყვეტს სამი მოსამართლისგან შემდგარი კომიტეტი, რომელმაც გადაწყვეტილება განაცხადის მიუღებლად ცნობის შესახებ ერთხმად უნდა მიიღოს. თუ განაცხადი მისაღებად იქნა მიჩნეული, იგი განსახილველად წარედგინება შვიდი მოსამართლისგან შემდგარ პალატას, რომელიც ხმათა უმრავლესობით იღებს გადაწყვეტილებას განაცხადის დაშვებადობისა და საქმის არსებით მხარესთან დაკავშირებით. პალატას საქმესთან დაკავშირებით გამოაქვს განჩინება, რომელიც საბოლოო ხდება მხოლოდ სამი თვის შემდგომ, რომლის განმავლობაში, განმცხადებელსა/მთავრობას შეუძლიათ, მოითხოვონ საქმის დიდი პალატისათვის გადაცემა მისი ხელახალი განხილვისთვის. 17 მოსამართლით დაკომპლექტებული დიდი პალატა განაცხადებს განიხილავს გამონაკლის შემთხვევებში, როდესაც პალატა მას გადააბარებს თავის იურისდიქციას, ან როდესაც დაკმაყოფილდება მხარეთა მოთხოვნა საქმის დიდი პალატისათვის გადაცემის შესახებ. განჩინებები, რომლებითაც დასტურდება კონვენციის დარღვევის ფაქტი, სავალდებულოა აღსასრულებლად შესაბამისი სახელმწიფოებისათვის. განჩინების შესრულებაზე ზედამხედველობას ახორციელებს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გააჩნია სამდივნო, რომლის პერსონალიც სამართლებრივ და ადმინისტრაციულ მხარდაჭერას უწევს სასამართლოს მართლმსაჯულებას.